ქობულეთის მერი: საკარანტინო სოფლებში მცხოვრებებს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კუთვნილ მიწებს სახელმწიფოს ხარჯით დაუმუშავებენ

899

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკარანტინო სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კუთვნილ სამეურნეო ფართობს სახელმწიფოს ხარჯით დაუმუშავებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მირიან ქათამაძემ განაცხადა, საკარანტინე სოფლებში მინერალური სასუქი შევიდა, რაც ადგილობრივებმა „მისაღებ ფასად შეიძინეს“.

„სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტი განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საკარანტინო სოფლებში მინერალური სასუქები შევიდა, რომელიც ძირითადადი კულტურების მოვლისთვის აუცილებელია, იმიტომ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაიწყო. მოსახლეობამ ეს შეიძინა საკმაოდ მისაღებ ფასად. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან მოსახლეობას გადაეცა შესასხურებელი აპარატები.

იმ მოსახლეობისის, ვინც საკარანტინე სოფლებშია და საყანე ფართობები სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში აქვთ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მათთვის გეგმავს ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც გულისხმობს ამ საყანე ფართობის დახვნას სახელმწიფოს ხარჯზე, რომ მათ გარკვეულწილად ჰქონდეთ შეღავათი.

ჯერჯერობით საკარანტინე რეჟიმი ვრცელდება ამ ოთხ ადინისტრაციულ ერთეულში დ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შესაძლებელია დავეხმაროთ“,- განაცხადა მირიან ქათამაძემ.

შეგახსენებთ, რომ მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს ქობულეთის ოთხ სოფელში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.