“დღეს გარკვეული პროდუქციის დეფიციტია – კიტრის, კომბოსტოს და კარტოფილის ის მარაგები არ არის, რაც კომპანიებს სურთ რომ გამოიტანონ”, – ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა თენგიზ კალანდაძემ ისაუბრა.
ასევე, თენგიზ კალანდაძე ლოგისტიკურ პრობლემას შეეხო, რომელიც მარნეულიდან სურსათის გამოტანასთან არის დაკავშირებული.
“lockdown ჩვენ არ გამოგვიცხადებია არცერთ რეგიონში, ეს გაცილებით მძიმე შეზღუდვა გახლავთ, იქ არის კარანტინი გამოცხადებული. რაც შეეხება ლოგისტიკურ მიმართულებას, მარნეულში, იქ სადაც საკარანტინე ზონაა, პრობლემა შეიქმნა იმის გამო, რომ იქაურ მაცხოვრებლებს სასურსათო პროდუქცია გამოჰქონდათ ჩვეულებრივ რეჟიმში, რადგან იქ კარანტინია გამოცხადებული და იქიდან არ შეიძლება გამოვიდეს მომხმარებელი. ამან შექმნა ეს დროებითი პრობლემა, თუმცა თქვენ ნახეთ რომ ერთ დღეში მოგვარდა ეს პრობლემა. ჩვენ აქედანვე დავაკავშირეთ შემსყიდველი კომპანიები და დღეს მაგალითად გარკვეული პროდუქციის დეფიციტია, სხვა კომპანიებსაც უნდათ ყიდვა. კიტრის, კომბოსტოს და კარტოფილის ის მარაგები არ არის, რაც მათ სურთ რომ გამოიტანონ.
ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ყველა სხვა რეგიონში, სადაც არის უკვე მოსავალი, ეს არის მაგალითად ცაიში, სადაც პომიდვრის მოსავალს ველოდებით და აღრიცხული გვაქვს სრულად და მანქანებიც მზად არის, რომ ჩავიდნენ და წამოიღონ პროდუქცია. კახეთის რეგიონში წამოვა მალე ლაგოდეხის კიტრის და მარწყვის მოსავალი. ასე რომ ჩვენ მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხებში ვეხმარებით, რომ შემსყიდველი დავაკავშიროთ გამყიდველს. აქვე მინდა ვთქვა, რომ მარნეულში დღეს შედის 60-მდე სხვადასხვა მსხვილი და საშუალო სიდიდის მწარმოებელი, რომელსაც გამოაქვს პროდუქცია”, – ამბობს თენგიზ კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვდნენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.