ქადაგიშვილი: თელავის ბაზრის ადმინისტრაციამ ბაზარი თვითნებურად გახსნა, ის ისევ დაიკეტება

670

წინა სტატია

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თელავის ბაზრის ადმინისტრაციამ დადგენილი რეკომენდაციები არ შეასრულა და ბაზარი თვითნებურად გახსნა, რის გამოც 3 000 ლარით დაჯარიმდნენ.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბაზარი ისევ დაიკეტება.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ბაზარი დღეს, მას შემდეგ დაიკეტება, რაც მოვაჭრეები შეტანილ საქონელს ამოყიდიან.

„ადმინისტრაციამ ბაზარი თვითნებურად, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეუთანხმებლად გახსნა. ადმინისტრაციას არ აქვს შესრულებული ყველა ის პირობა, რომელიც აგრარული ბაზრის გახსნას წინ უნდა უძღვოდეს. ამ დარღვევის გამო, მუშაობა შეუჩერდება და ვიდრე ყველა პირობა არ შესრულდება, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო და კორონავირუსთან ბრძოლის საწინააღმდეგო პროტოკოლები ითვალისწინებს, არცერთი ბაზრის, მათ შორის, თელავის ბაზრის მუშაობა არ განახლდება.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის ადმინისტრაცია 3 000 ლარით დააჯარიმა. როცა რაღაც იხსნება, ბუნებრივია, მოსახლეობა მიდის, მაგრამ ჩვენ იმ წესებით და პროტოკოლებით ვმოქმედებთ, რაც გათვალისწინებულია. ამიტომ, დღეს ეს ბაზარი დაიხურება და ხვალ აღარ გაიხსნება. ბაზრის ადმინისტრაციას გადაცემული ჰქონდა, თუ რა მოთხოვნები იდგა მის წინაშე და ამის შესასრულებლად შესაბამისი დროც ჰქონდა. ახლა დაკეტვის პროცედურა მიმდინარეობს, მოვაჭრეებმა იმ საქონლის ამოყიდვა უნდა მოასწრონ, რაც იქ დარჩენილია და შემდეგ დაიკეტება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დღეს დილით თელავის ბაზარი გაიხსნა, თუმცა, ბაზრის ადმინისტრაცია მალევე დააჯარიმეს.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება. 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.