დილით გახსნილი თელავის ბაზარი 3 000 ლარით დააჯარიმეს

1231

შემდეგი სტატია

თელავის აგრარული ბაზარი დღეს გაიხსნა​​პირველ ეტაპზე ხორცის, ბოსტნეულისა და ხილის ჯიხურები გაიხსნა. თელავის ბაზრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბაზარი შუადღემდე, დღეში 3-4 საათის განმავლობაში იმუშავებს, თუმცა დღეს დილით გახსნილი ბაზარი კვლავ დაიკეტა, ბაზრის დირექტორის თქმით, მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაა.

როგორც knews-ს ბაზრის დირექტორმა, მერაბ თურქოშვილმა განუცხადა, მოქალაქეები არ იცავდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, რის გამოც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის კვლავ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

“ზოგ ადამიანს პირბადე ჰქონდა ჩამოწეული, ზოგგან საპონი არ იდო და ამიტომ ბაზარი დაიკეტა, მე კი 3000 ლარით დამაჯარიმეს,” – განაცხადა მერაბ თურქოშვილმა.

 

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება. 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.