მარნეულის მუნიციპალიტეტში ღია აგრარული ბაზარი გაიხსნა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მარნეულის ზედამხედველობის სამსახური. ისინი მოქალაქეთა დისტანცირებას უზრუნველყოფენ.
ყველა, ვინც აგრარულ ბაზარში შედის, თავდაპირველად შემოწმებას გადის. თითოეულ ავტომობილს უტარდება დეზინფექცია, მოქალაქეებს კი პირბადეებსა და ხელთათმანებს ურიგებენ.
ადგილზე დილის 07:00 საათიდან იმყოფება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, რომელიც პირადად აკონტროლებს ვითარებას.
მარნეულის აგრარულ ბაზარში იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი. მისი განცხადებით, ბაზარი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რასაც ითხოვს სურსათის ეროვნული სააგენტო.
„დაცულია ყველანაირი სოციალური დისტანცია. დაცულია ასევე ავტომობილებს შორის დისტანცია. ტარდება დეზინფექცია ყველა შემოსულ ავტომობილზე, ასევე ხდება თერმოსკრინინგი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ აქ რამე პირობები დაირღვეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკარანტინო რეჟიმი არ ირღვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში. ეს ხაზგასასმელია და არ დავუშვებთ, რომ ეს რეჟიმები დაირღვეს. დღეის მდგომარეობით, 400 ტონაზე მეტი კიტრია გასული. მხოლოდ გუშინ 100-მდე მიკროავტობუსი იქნა გასული ანუ მოხდა ბაზრის დივერსიფიცირება. ფაქტობრივად ხდება ყველანაირი მოსავლის გაწოვა ადგილიდან. ყველაფერს გააკეთებს საქართველოს მთავრობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამხარეო ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტი, რათა მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ როგორც მოსავლის აღებაში, ასევე რეალიზაციაში. ასევე, მინდა, განვაცხადო ყველა ბაზრობის ხელმძღვანელის საყურადღებოდ, რომ სანამ ისინი არ დააკმაყოფილებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს კრიტერიუმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, არც ერთი ბაზარი არ გაიხსნება“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, დღეიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები იხსნება. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.