29 აპრილიდან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით ქალაქიდან გასვლა თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მცხოვრებლებსაც შეეძლებათ

2523

29 აპრილიდან, ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება.

უწყების ინფორმაციით, ნებართვის მისაღები ფორმა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე ელექტრონულად უნდა შეავსოს.

“შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავლჯერადს). უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება დანარჩენ 3 ქალაქს, სადაც შესვლა და გასვლა აკრძალულია – ბათუმს, რუსთავსა და ქუთაისს, აქ მცხოვრებმა ადამიანებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს.

როგორც ცნობილია, 27 აპრილიდან კერძო ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება, თუმცა, ეს არ ეხება საქალაქთაშორისო გადადგილებას. ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სოფლად ან სხვა ადგილზე იმყოფებიან და მათ ორი დღის განმავლობაში, 27 და 28 აპრილს, ექნებათ შესაძლებლობა, თავისი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილზე დაბრუნდნენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 485 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 139 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.