“144-თან დაკავშირებით კრიტიკა ობიექტური იყო, ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება”

610

წინა სტატია

შემდეგი სტატია

პრემიერმინისტრი გიორი გახარია ამბობს, რომ იღებს მოქალაქეების კრიტიკას მთავრობის ცხელი ხაზის (144) ხარვეზით მუშაობაზე და ამის გამო პასუხისმგებელი პირებიც დაისჯებიან.

„144-ის მუშაობასთან დაკავშირებით ჩვენი მოქალაქეების და მედიის კრიტიკა ობიექტური იყო. უბრალოდ რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს, არ მინდა დაკონკრეტება, თუმცა შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დასჯილები იქნებიან უკიდურესად, იმის გამო, რაც მოხდა. თუმცა ეს გამოწვევაც იყო ობიექტური. იყო რამდენიმე დღე, როცა 144-ზე ზარების რაოდენობა აცდა 300 ათასს.

რეალურად, ამის მენეჯმენტი იყო შეუძლებელი, მაგრამ 144, როგორც ინსტრუმენტი, იდეა, მოქალაქის და მთავრობის პირდაპირი კავშირის დამყარებისთვის, მე პირადად გპირდებით, რომ იარსებებს. ის გახდება ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი, არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არამედ სულ როცა მოქალაქეს ხელისუფლებასთან დაკავშირება დასჭირდება“, – განაცხადა გახარიამ ანტიკრისიზული გეგმის წარდგენის შემდეგ.

22 აპრილს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ დღე-ღამის განმავლობაში 144-ზე 260 000-ზე მეტი ზარი შევიდა. ჩიქოვანმა ბოდიში მოუხადა მომხმარებლებს ხარვეზის გამო და მოუწოდა მათ, როცა ეს ცხელი ხაზი არ მუშაობს, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად 112-ში არ დარეკონ. მან აღნიშნა, რომ 144 მუშაობას გააგრძელებს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, როგორ უნდა მოიქცეს ხალხი, თუ ცხელი ხაზი ისევ გაჭედავს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.