პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანები 1 200 ლარის ოდენობით დახმარებას მაისიდან მიიღებენ. როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დახმარებას მოქალაქეები ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტიდან მიიღებენ.
„ეს იქნება ფინანთა სამნისტროს ბიუჯეტი. ეს არის სახელმწიფოს მინზობრივი, სოციალური დახმარება კონკრეტული მოქლაქის, კონკრეტული პირისთვის. ათვლა მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან და გადარიცხვები დაიწყება მაისიდან, მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსუხრს პირველი ინფორმაცია ექნება კომპანიების მიერ ჩაბარებული დეკლარაციების სახით და მაშინ, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანმა სამუშაო დაკარგა“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 1 200 ლარით, ანუ თვეში 200 ლარით დაეხმარება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.