გახარია: პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა, რომელიც უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში, შენარჩუნდება

1246

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა უკვე გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის პენსიონერების როგორც ცალკე აღებული სოციალური ჯგუფის პირდაპირი დახმარების პაკეტი.

„ჩვენი ძირითადუი მიდგომა არის, რომ სოციალურად აღრიცხვად ჯგუფებს გავუწიოთ დახმარება და ისე გავაკეთოთ ეს, რომ მოვიცვათ მაქსიმალური რაოდენობა. პენსიონრების ნაწილში რაც ვილაპარაკე, ის გადაწყვეტილებებია, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე იქნება შეტანილი და რომლებიც ამუშავდება 2021 წლის იანვრიდან. არ მითქვამს და არ მინდა გავიმეორო, რომ პენიონრებისთვის პენსიის ზრდა ჩვენ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული გვაქვს წელს. ამაზე ერთხელ უკვე ვილაპარაკე, ზოგიერთივით ეს შემეძლო, მეორედ მეთქვა და მეორედ გამომეტანა, თუმცა ეს არ გავაკეთე მარტივი მიზეზის გამო, ჩვენი ბევრი დაანონსებული საკითხი, მათ შორის, ხელფასის ზრდაც, სამწუხაროდ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან და საბიუჯეტო შემოსავლებდან გამომდინარე გავაუქმეთ, გადავდეთ.

ბიუჯეტს სერიოზული პრობლემები შეექმნება შემოსავლების ნაწილში, ეკონომიკური ზრდა იქნება -4% და საბიუჯეტო შემოსავლები შეგვიმცირდება მილიარდ 800 მილიონი ლარით. ეს ის პროგზონია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკვე განხილულია, დადასტურებულია, თუმცა არავინ არ იცის ეს ციფრები იქნება თუ არა უფრო მძიმე ბიუჯეტისთვის. ამიტომ ჩვენ სხვადასხვა სცენარებისთვის ვემზადებით.

პენსიონერებთან დაკავშირებით ვალდებულება, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს ივლისიდან პენსიის 30 ლარით ზრდის, 70 წელზე ზემოთ კიდევ უფრო მეტით და მთის რეგიონებზე ცალკე იყო კიდევ გამოყოფილი, ეს ყველაფერი შენრჩუნდება. გარდა ამისა, პენსიონერებს, რომლებიც მოხვდებიან იმ სოციალურ ჯგუფებში, რომლებიც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რა თქმა უნდა, შეეხებათ ყველა ის დახმარება, რაც განსაზღვრულია ამ ოჯახებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.