მივიღეთ გადაწყვეტილება, 200 მლნ ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავუზღვიოთ ფასთა შორის სხვაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტებია.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეექმნათ რისკი ფასების დაზღვევის, რაც მთავრობამ განიხილა და ჩვენ მოვიღეთ გადაწყვეტილება, 200 მილიონი ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავუზღვიოთ ფასთა შორის სხვაობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს როგორც მიმდინარე პროექტებზე, ასევე სატენდეროდ გამოტანილი პროექტებისთვის, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ გაჩერდეს და რეალურად სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ იქ, სადაც ჩვენთვის ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე“, – განაცხადა გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.