აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აჭარაში 2023 წლისთვის იზრდება სპორტის მხარდაჭერა და დაფინანსება, ასევე, იზრდება ფედერაციებისა და მასობრივი სპორტის დაფინანსება. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულებს ერთჯერად ჯილდოებთან ერთად დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მოედნების, სპორტული დარბაზების, სარაგბო და საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა. დასრულდა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის, სპორტკომპლექსის და შუახევის ფიფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა.
ამჟამად აჭარაში 3 სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტებია: ღორჯომის სპორტული დარბაზი, ჩაქვის სარაგბო სტადიონი, ჩაქვის ძალოსნობის ბაზა.
2023 წლისთვის კი იგეგმება 155 მლნ ლარის ღირებულების 10 პროექტის განხორციელება. ესენია – ქობულეთის სასპორტო კომპლექსი, ხელვაჩაურის სასპორტო კომპლექსი, მაჭახელას საფეხბურთო სტადიონი, ყინულის არენა და საცურაო აუზი, ხუცუბნის სარაგბო მოედანი, ფურტიოს სარაგბო მოედანი, ბათუმის საჩოგბურთო კორტები, ჭადრაკის სასახლე, ქედის სასპორტო კომპლექსი, ქედის საფეხბურთო მოედანი.