,,მასშტაბური და ტექნოლოგიურად დატვირთული უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტები თავიანთი შინაარსით უკიდურესად მნიშვნელოვანია. გამართული ინფრასტრუქტურა არის უზარმაზარი ბიძგი და დამატებითი მუხტი იმ ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც გვაქვს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა მოქალაქეების ჩართულობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში და აღნიშნა, რომ შარშან ამ რიცხვმა 30 000-ს მიაღწია, საიდანაც 80 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იყო, რაც გარდა სტაბილური შემოსავლისა მათი უნარების გაზრდას და ახალი გამოცდილების მიღებასაც ნიშნავს.
,,საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოა რიკოთის გზის მშენებლობის პროექტში ხიდებისა და გვირაბების რაოდენობა. ასეთი რამ არასდროს გაკეთებულა. ასევე უნიკალურია ქვეშეთი-კობის პროექტი, სადაც კიდევ უფრო სხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრი დიამეტრის, კლდოვან ქანებში, რასაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ჩვენი ინჟინრები არიან ჩართული არა მხოლოდ სამშენებლო, არამედ საზედამხედველო კომპანიების საქმიანობაში“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეშეთი-კობის პროექტის სოციალურ ასპექტს და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ის ისტორიულია.
,,კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გზის ეს მონაკვეთი, ფაქტობრივად, 98 და ზოგჯერ მეტი დღითაც იკეტება. რაც იმას ნიშნავს რომ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, ქალაქ სტეფანწმინდას იმ 10 სოფელს რომლებზეც გზა გადის ელემენტარულ საჭროებებზე არ აქვთ წვდომა, მაგალითად სამედიცინო მომსახურებაზე, იზღუდება საგანმანათლებლო პროცესი. ეს პროექტი არის კომპლექსური პასუხი სწორედ ამ გამოწვევებზე. სატრანზიტო გზა გადის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტ გუდაურზე, რაც მისი განვითარებისთის ხელის შემშლელია. ამ პროექტის ფარგლებში ახალი 5 კმ-იანი გზა არის გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს რომ სატრანზიტო გზა გუდაურზე აღარ გაივლის. ამასთან, სტეფანწმინდაში ჩასვლა, ყველა დაგეგმილი მონაკვეთის დასრულების შემდეგ, უკვე 1.5 საათში იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.