პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რაღაც პერიოდი პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.
როგორც გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 4 წესი შემუშავდა: სოციალური დისტანცირების დადგენილი ნორმების დაცვა; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება; იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა და დისტანციური მუშაობის გაგრძელება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა. პირველი სამი წესი სავალდებულოა, მე-4 – რეკომენდირებული.
“ჩვენ უკვე გვაქვს მზად შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის შემდგომი გეგმა, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიამ ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიური ქცევა შეცვალა ისე, რომ გარკვეული შეზღუდვები და ღონისძიებები დარჩება წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად და ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელი იქნება ეკონომიკის გახსნასა და ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი. ეს წესები ძალიან მარტივია და გლობალური: სოციალური დისტანცირება დადგენილი წესების შესაბამისად არის აუცილებელი და როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში იქნება აუცილებელი ჩვენს ცხოვრებაში. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება – როგორც ჩანს, რაღაც პერიოდი პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები, ჩვენი ყოველიდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა – ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ყველა მეწარმემ, ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შეუძლებელი იქნება საქმიანობის აღდგენა და გრძელვადიან პერიოდში გაგრძელება იმ ღონისძიებების გატარებისა და იმ მოთხოვნების დაცვის გარეშე, რომელსაც წარგვიდგენენ ჩვენი ეპიდემიოლოგები და ექიმები. სადაც შესაძლებელია ყველგან, როგორც კერძო და ასევე საჯარო სექტორში, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ფიზიკური კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს არის ის საბაზისო წესები, რომლის დაცვის გარეშე ჩვენ ვერანაირ ეკონომიკის გახსნაზე ან შეზღუდვების შემცირებაზე ვერ ვისაუბრებთ. ეს არის ის ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, ყველა ის შედარებითი წარმატება, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს აქვს, წყალში გადაყრილი იქნება და ქვეყანას ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე გადასვლა გაუჭირდება, თუ მოსახლეობა სოციალური დისტანცირებისა და მობილობის შემცირების წესებს არ გაითვალისწინებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნო, ყველა ის შედარებითი წარმატება, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში ჩვენ დღეს გვაქვს, იქნება წყალში გადაყრილი, თუ შემდგომი ნაბიჯები არ იქნება ეფექტური და თანმიმდევრული, თუ ჩვენ არ დავიცავთ სოციალური დისტანციის წესებს, მობილობის შემცირებს წესებს, რომლის გათვალისწინებაც ყოველდღიურად გვჭირდება ჩვენს ცხოვრებაში, ქვეყანას უბრალოდ გაუჭირდება ეკონომიკურად აღდგენის ეტაპზე გადავიდეს სწრაფად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის მომავალი გლობალური კონკურენციის თვალთსაზრისით. მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვუსურვო ჯანმრთელობა, მინდა ყველა ადამიანს, რომელიც წინა ხაზზეა, გადავუხადო მადლობა და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დარჩა სახლში და ზედმიწევნით, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო ეს, ასრულდებდა იმ შეზღუდვებს, რომელიც აუცილებელი იყო თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის“, – განაცხადა გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.