საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. ეკონომიკურ გეგმაში სხვადასხვა სფეროსთვის დაწესებული შეღავათები და ის ნაბიჯები იყო გაწერილი, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება უახლოეს მომავალში გეგმავს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია და ეს გრძნობა აქვს საქართველოს მოქალაქეებს. მისი თქმით, დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფერმერებმა შეძლონ დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნა სასურსათო პროდუქტზე. ამისთვის ხელისუფლება სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს რამდენიმე შეღავათს სთავაზობს:
- სახელმწიფოს მიკრო საგრანტო სისტემის ზღვარი 30 000 ლარამდე გაიზარდება
“დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ ზღვარი აგვეწია 30 000 ლარამდე და ამ პორტფელის რაოდენობაც გაგვეზარდა 40 მილიონამდე. ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს ელემენტარული მცირე ბიზნესის წარმოებას ჩვენ მათ პირდაპირ გრანტის სახით ფინანსური რესურსით ვეხმარებით”, — თქვა გიორგი გახარიამ.
- ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყოფა
“აგროკრედიტი ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ნაწილში, მოგეხსენებათ დღეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოება, სასურსათო ბაზის შექმნა, ამიტომ სახელმწიფომ გამოყო 50 მილიონი ლარი, ამ პროდუქტით შეძლებს ისარგებლოს 5 ათასი ფერმერი. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამეთი ერთწლოვანი კულტურები არის სწრაფი ეფექტის მქონე”, — თქვა გიორგი გახარიამ.
- სარწყავი წყლის გადასახადი 20 წლით გაუქმდება
“2012 წლის შემდეგ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დაგროვილი სარწყავი წყლის გადასახადი გაუქმდება და 20 წლით ამ საფასურისგან ისინი სრულად გათავისუფლდებიან”, — აღნიშნა პრემიერმა.
- რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მიწის 3 წლის განმავლობაში სრულად რეგისტრირება
გახარიას თქმით, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა იზრუნოს, ეს კი მიწის სისტემური რეგისტრაციის საბოლოოდ მოგვარებამდე შეუძლებელია.
“იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სამი წლის განმავლობაში მოხდეს მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის რეგისტრაცია. დღეის მდგომარეობით ეს მიწის ის რესურსია, რომელიც დარჩენილია რეგისტრაციის გარეშე. ამის შემდგომ ეს პრობლემა საბოლოდ იქნება გადაწყვეტილი”, — თქვა გიორგი გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.