გახარია: დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ამ შეზღუდვებს არ დავუბრუნდებით

478

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ყველას უნდა გვესმოდეს, დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ამ შეზღუდვებს არ დავუბრუნდებით, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს შორის იქნება ორკვირიანი ინტერვალი, რომელიც ვითარების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

„შეზღუდვების მოხსნა პირდაპირ კავშირშია, თუ როგორ კეთილსინდისიერად შევასრულებთ იმ წესებსა და პირობებს, რომლებსაც ექიმები გვიწესებენ. შევძლებთ თუ არა ეკონომიკური აქტივობის გახსნისა და შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ეტაპზე გადასვლას. ეტაპებს შორის შუალედი იქნება ორი კვირა. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც გვაჩვენებს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი რა შედეგს მოგვიტანს – ეპიდემიოლოგიურად შევინარჩუნებთ დონეს, გაგვიუარესდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თუ პირიქით. ამიტომ, ორი კვირა ქნება ის ინტერვალი, რომელიც ეტაპიდან ეტაპზე გადასვლის თვალსაზრისით გვექნება. ეტაპიდან ეტაპზე ყველა გადასვლა იქნება პროფესიონალებთან შეთანხმებით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა კომპანიამ, რომ გარკვეული საქმინობებზე შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ საქმიანობები უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს ეპიდემიამდე ხდებოდა.

„ეს არის აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები, სხვა რეალობა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების წინაშეა, რომ ვიზრუნოთ მათ ჯანმრთეობაზე, არამედ საერთოდ სოციუმის წინაშე პასუხისმგებლობაა, რამეთუ მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიის ერთ-ერთი გამომწვევი რისკი არის მისი მარტივი გადაცემა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.