გახარია: 27 აპრილიდან მანქანების გადაადგილება, აგრარული ბაზრები და ონლაინ ვაჭრობა აღდგება

749

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ორშაბათიდან, 27 აპრილიდან მანქანების გადაადგილება, ტაქსის მუშაობა, აგრარული ბაზრები და ონლაინ ვაჭრობა აღდგება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახაროამ ანტიკრიზისული გეგემის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები ეტაპობრივად, 2 კვირის ინტერვალებით მოიხსნება იმ დაშვებით, რომ ეპიდემიოლოგიურ სურათზე დაყრდნობით გადაწყვეტლებები გადაიხედება.

კომპანიები და ადამიანები ვალდებულები იქნებიან, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია დაიცვან.

2 კვირის შემდეგ აღდგება მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობები, სამშენებლო მანქანების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები, კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტი და სარეკრეაციო სივრცეების ფუნქციონირება.

გახარიამ დღეს ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. სოციალური დისტანცირება დადგენილი წესების შესაბამისად აუცილებელი იქნება. ასევე, აუცილებელი იქნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება. ასევე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, რათა ფიზიკური კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.