დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ დადგენილება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.
„საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან.
ფიზიკური პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე“,- ნათქვამია დედოფლისწყაროს საკრებულოს მიღებულ დადგენილებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ სუბსიდირებაზე და ამ შემთხვევაში მათ განცხადებით უნდა მიმართონ ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრის“ ადმინისტრაციას.
დედოფლისწყაროს საკრებულოს დადგენილება დღეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.