მდინარაძე: საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებზე ამნისტია არ იგეგმება

1550

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებზე ამნისტია არ იგეგმება.

როგორც მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯარიმებს პრევენციული ხასიათი აქვს.

„როდესაც ჯარიმებზე იყო საუბარი და შესაბამის დეკრეტში ჯარიმები იქნა გათვალისწინებული, ამას ჰქონდა პრევენციული მიზანი. ამ საკითხთან დაკავშირებულ რაიმე სახის შეღავათებზე ან ამნისტიაზე საუბარი არ არის. იმიტომ, რომ ყველა მოქალაქეს კარგად უნდა ესმოდეს, როდესც ის არღვევს წესებს დეკრეტით დადგენილს, ის ქმნის მომეტებულ საფრთხეს საზოგადოებისთვის, ამიტომ ჯარიმაც და ჩვენს მიერ შექმნილი ახალი ნორმაც ემსახურება პრევენციას იმისას, რომ რისკები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ მომავალშიც თუ საომარი ან საგანგებო მდგომარეობა გვექნება ამ შემთხვევაშიც სისხლის სამართლის კოდექსში კონკრეტული ნორმა იქნება გათვალისწინებული იმ შემთხვევისთვისაც კი, თუ დეკრეტით ასეთი რამ არ იქნება გათვალისწინებული.

მესმის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იყოს ამ ჯარიმის გადახდა ძალიან რთული, მაგრამ პრევენციულობაც ამაში მდგომარეობს, არ უნდა დაარღვიოს არც ერთმა მოქალაქემ წესები, რადგან ეს მომეტებულ საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები – 10 ათასი ლარით. პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით გუშინ, 23 აპრილს დაამტკიცა.

ამასთან, თუ პირი კარანტინის ან/და იზოლაციის წესს ხელმეორედ დაარღვევს და ამავდროულად ქვეყანაში არ იქნება გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, მას შინაპატიმრობა 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე დაეკისრება.

ხოლო თუ ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა იმოქმედებს, ასეთ დროს დადგენილი წესების განმეორებით დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირებისთვის 6 წლამდე პატიმრობას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები 2020 წლის 2 მაისიდან შევა ძალაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.