თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ათ დადასტურებულ შემთხვევას ორი სავარაუდო დადებითი დაემატა. ანალიზების შედეგები გვიან ღამით გახდა ცნობილი. ეპიდემიოლოგების მიერ გაკეთებული 18 ანალიზიდან, ორი სავარაუდოდ, დადებითია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სოფლის ყველა მცხოვრებელი არ შემოწმდება.
„ამ დროისთვის სოფელში თერმოსკრინიგი 723 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც რამდენიმეს აღმოაჩნდა საეჭვო სიმპტომები, შესაბამისად, ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა აიღეს ანალიზები და გვაქვს კიდევ ორი სავარაუდო დადებითი შედეგი. თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ მოხდება სოფლის სრულად შესწავლა, ეს გაგრძელდება სავარაუდოდ, ორი დღე. ყველა ბლოკ-საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას და ასე იქნება იქამდე, ვიდრე სოფელში რისკის დონე არ იქნება ნულამდე დასული. რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებს, სამივე მაღაზია რამდენიმე საათში დაიწყებს მუშაობას, მათ მიეწოდებათ სასურსათო მარაგი, ასევე გაიხსნება აფთიაქი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო მედიკამენტით, რომელიც შეიძლება იყოს პირველადი მოხმარების ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა გოგიაშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკებები შედგა სასურსათო მაღაზიების მფლობელებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის.
ობიექტები რამდენიმე საათში გაიხსენება და დისტრიბუცია მათ შეუფერხებლად მოამარაგებს. ასევე გადაწყვეტილია აფთიაქებთან დაკავშირებული საკითხი და მოსახლეობა მედიკამენტებით უზრუნველყოფილი იქნება. იმისთვის, რომ ვირუსი კიდევ უფრო არ გავრცელდეს, სახელმწიფო რწმუნებული საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და გადაწყდა, რომ დღეიდან ღვანკითის სასურსათო მაღაზიებში საბანკო ტერმინალები ამოქმედდება.
სოფელი 23 აპრილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოქმედებს 5 გამშვები პუნქტი, სოფლის ყველა შესასვლელ-გასასვლელს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ. ადგილობრივებს ეკრძალებათ, როგორც სოფელში შესვლა, ასევე მისი დატოვება. ღვანკითში 705 ოჯახი – 2,438 ადამიანი ცხოვრობს.
ამ დროსითვის ღვანკითის ე.წ. კლასტერიდან კორონავირუსის ინფექცია 12 ადამიანს აქვს დადასტურებული.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.