თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

544

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

“ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, ამ მიმართულებით სოფელ ზედა საზანოში 100-მდე აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის უკვე მოეწყო სათამაშო, სასადილო, სამზარეულო და საძინებელი ოთახები, პარალელურად გრძელდება გარე ფასადის კეთილმოწყობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებს შორის , მნიშვნელოვანია ქალაქ თერჯოლის #3 ბაღის სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტი უახლოეს დღეებში დაიწყება და მიმდინარე წელს დასრულდება“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ზედა საზანოს საბავშვო ბაღი, აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

მათივე ცნობით, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მტმ“ ახორციელებს.

აღნიშნული პროექტი გარდამავალია და 2022 წელს დასრულდება. მისი ღირებულება 944 483 ლარს შეადგენს.