ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ფქვილის მარაგი შეივსო. პროდუქტი მაღაზიებში გადანაწილდება და მათი რეალიზება სტანდარტული ტარიფით მოხდება.
პროცესს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, პროდუქტების საკმარისი მარაგია.
„ჩვენ როდესაც ვსწავლობდით ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, ლეღვას ადმინისტრაციულ ერთეულში და სხვა სოფლებში გამოკვეთილი პრობლემა იყო პურის ფქვილსა და ქატოზე. შესაბამისად, დღეს ეს პრობლემა გადაიჭრა. პურის ფქვილისა და ქატოს მარაგი შემოვიდა ლეღვაში და შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია, შეიძინოს ეს საქონელი და შეიძინოს ზუსტად იმ ფასებში, რა ფასებიც არის დაფიქსირებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საბითუმო საწყობებში. საკარანტინო ზონებში არსებულ სოფლებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ დროისთვის საკვებ პროდუქტთან, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საქონელთან დაკავშირებით გამოკვეთილი დეფიციტი ან რაიმე სახის პრობლემა არ არის“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.
ქათამაძის განცხადებით, ქობულეთი მერია ყველა პირადი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გასცემს საშვს, რათა მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 111 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.