ქათამაძე: ქობულეთი მერია ყველა პირადი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გასცემს საშვს, რათა მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები

603

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, დღეს გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა.

როგორც მირიან ქათამაძემ განაცხადა, მარტივდება გადაადგილებები სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შესრულების მიზნით, ასევე დისტრიბუციის განხორციელებისთვის და სოფლად არსებული მაღაზიების მომარაგების კუთხით, ასევე თანამშრომლების გადაყვანის მიზნით.

„გამოიყო კონკრეტული დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეუძლია, მცირე მეწარმეებმა ისარგებლონ გადაადგილების უფლებით. ქობულეთი მუნიციპალიტეტის მერია ყველა პირადი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გასცემს საშვს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში დაკმაყოფილდეს ყველა საჭიროება, რაც მოქალაქეს გააჩნია მედიკამენტების, საკვები პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის გარდა, ქობულეთის მერიაში მუშაობს საშვთა ბიურო, რომელიც აგროვებს მონაცემებს და ელექტრონული ფორმით გაიცემა საშვი და შესაბამისად დისტრიბუტორებს, მაღაზიის მეპატრონეებსა და ფერმერებს, რომლებსაც აქვთ აგროვადების შესაბამისად საჭიროება იმისა, რომ ჩაატარონ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სამუშაოები, უკვე აღარ აქვთ პრობლემა სწრაფ და ოპერატიული გადაადგილების“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 111 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.