„ევროპული საქართველო” მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის საკუთარ ხედვას სთავაზობს

685

წინა სტატია

“ევროპულ საქართველო” ანტიკრიზისული გეგმის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს. პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, სრულფასოვანი ანტიკრიზისული გეგმა უმუშევრად დარჩენილებისთვის კომპენსაციას უნდა ითვალისწინებდეს და პოსტკრიზისულ სტადიაზე ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის გამოცოცხლების სტრატეგიას უნდა მოიცავდეს.

„ასევე, ეს გეგმა უნდა მოიცავდეს, სოციალურ კომპენსაციას თვითდასაქმებულებისა და გაჭირვებული მოსახლეობისთვის. დახმარება ბიზნეს გადასაახადების შემცირებისა და მიმდინარე გადასახადების განულების გზით, საბიუჯეტო სახსრების მკვეთრად შემცირება და გამოთავისუფლებული თანხების დახარჯვა სოციალური მიზნისთვს და ბოლოს, უნდა მოიცავდეს პოსტკრიზისულ სტადიაზე ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის გამოცოცხლების გეგმას. ამის გარდა, დამატებით ბონუსად ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას საპენსიო ფონდის გამოყენებასაც და ჩვენი ხედვით, სწორედ ეს არის სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმა, რომელიც დაეხმარება მოსახლეობას და გადაარჩენს ჩვენს ეკონომიკას“, – ამბობს ბაქრაძე.

საქართველოს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას 24 აპრილს წარადგენს.

ასევე, 24 აპრილს მთავრობა შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნის გეგმასაც წამოადგენს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი შეზღუდვა – ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილს მოიხსნება.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა იგეგმება, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საგანგებო მდგომარეობის კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელება იგეგმება. ამ ინიციატივით მან პრეზიდენტს უკვე მიმართა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებითვე, 17 აპრილიდან საქართველოში სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით  გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 111 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.