გიგა ბოკერია: საპროტესტო აქციები აუცილებელია, თუმცა, ლოზუნგი “არჩევნები გაუქმებულია” მცდარად მიგვაჩნია

469

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისას მშვიდობიანი საპროტესტო აქციები აუცილებელია, თუმცა ოპოზიციური პარტიების ლოზუნგი “არჩევნები გაუქმებულია” მცდარად მიაჩნია.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არასაარჩევნო გზით რეჟიმის ცვლილებას საზოგადოების ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური მეთოდების აღმოფხვრას, ამიტომ საზოგადოებას არ უნდა შეექმნას მოლოდინი, რომ წარმატების მიღწევა სწრაფად იქნება შესაძლებელი.

“ქვეყანა რთულ ვითარებაშია. გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოპოზიციამ გადადგა წინ ნაბიჯი მობილიზების საქმეში ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, ეს მობილიზება და ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი ივანიშვილის რეჟიმის კრიმინალური, არალეგიტიმური მეთოდების გადასაფარად, იგულისხმება მოსყიდვა, დაშინება, ყველა ის მანიპულაცია, რასაც უკვე დიდი ხანია ვხედავთ.

ასეთ ვითარებაში ავტორიტარული რეჟიმის წინააღდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, მაგრამ აქვე მინდა წინასწარ საზოგადოებამაც იცოდეს ევროპული საქართველოს პოზიცია, ჩვენმა პარტნიორებმაც, რომ ლოზუნგი – არჩევნები გაუქმებულია, ჩვენ მცდარად მიგვაჩნია.

მინდა ყველას შევახსენო, რომ ასეთი სახიფათო ავტორიტარული რეჟიმების არასაარჩევნო გზით შეცვლას ბევრად მეტი მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება საზოგადოებისგან, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გადალახვას. ეს უბრალოდ რეალობაა და ყველას უნდა გვესმოდეს. ამიტომ, საზოგადოებას არ უნდა შევუქმნათ მოლოდინი სწრაფ წარმატებაზე. ყველანი უნდა ვიყოთ მზად თანმიმდევრული, როგორც ჩანს არამოკლევადიანი ბრძოლისთვის. ამ წარუმატებლობამ არ უნდა ჩაგვაგდოს სასოწარკვეთაში”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავს. დღევანდელ აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები სამოქმედო გეგმას წარადგენენ.