საქართველოს მთავრობა ადგენს იმ შემთხვევებს, როცა შესაბამისი ცნობის წარდგენის საფუძველზე შესაძლებელია ავტომობილით გადაადგილება. მათ შორის ეს ეხება ექიმთან ვიზიტის საჭიროებას, კლინიკიდან პაციენტის გამოწერას და ასევე, საავადმყოფოებში მყოფი პირებისთვის სხვადასხვა ნივთების მიწოდების საჭიროებას.
მთავრობის ინფორმაციით, ექიმთან ვიზიტის საჭიროების დროს პაციენტებს/თანმხლებ პირებს გადაადგილების უფლება კლინიკის/ექიმის მიერ გამოწერილი ცნობის საფუძველზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში აქვთ. ექიმთან ვიზიტი/კლინიკიდან გამოწერის შემთხვევაში (მშობიარობა, დიალიზი, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, გადაუდებელი სტომატოლოგია): კლინიკის/ექიმის მიერ გამოწერილი ცნობა შეიძლება იყოს მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, მათ შორის ტელეფონზე გადაგზავნილი ფორმით.
გარდა ამისა, ექიმთან ვიზიტის საჭიროების დროს, ექიმი ადგენს შესაბამის ცნობას, რომ პაციენტი ნამდვილად ჩაწერილია მასთან ვიზიტზე ან საჭიროებს ექიმთან ვიზიტს. ცნობაში უნდა იყოს მითითებული ვიზიტის დრო და ასევე, სატრანსპორტო საშუალება, რითაც მოხდება გადაადგილება. აღნიშნული ცნობით ავტომობილს ეძლევა ამ კონკრეტული მიზნობრიობით, კონკრეტული დროის მონაკვეთში გადაადგილების უფლება.
იგივე პროცედურით ხდება ექიმის მიერ შესაბამისი ცნობის გაცემა, პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გამოწერისას საჭირო გადაადგილებისთვის. ამ შემთხვევაშიც ექიმი გასცემს ცნობას, რომელშიც უთითებს სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლს და პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის დროს.
რაც შეეხება სოფლის ექიმთან კონსულტაციას, მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციის გავლა შეუძლია სოფლის ექიმთან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გასცემს ცნობას აფთიაქში გადაადგილების მიზნით. ცნობაში უნდა იყოს მითითებული ვიზიტის დრო, ასევე, მძღოლის მონაცემები და სატრანსპორტო საშუალება, რითაც მოხდება გადაადგილება. აღნიშნული ცნობით ავტომობილს ეძლევა ამ კონკრეტული მიზნობრიობით, კონკრეტული დროის მონაკვეთში გადაადგილების უფლება.
სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების უფლება აქვთ, იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენენ კლინიკის მიერ გაცემულ ცნობას/მოწმობას. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების ტრანსპორტირების შესაძლებლობა აქვს სხვა პირსაც, თუ ის ასევე ფლობს კლინიკის მიერ გაცემულ ცნობას.
ცნობა უნდა იყოს სველი ბეჭდით დამოწმებული და მასში მითითებული უნდა იყოს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (პ/ნ, სახელი, გვარი), დაკავებული პოზიცია, პირის გადაადგილების მარშრუტი, ავტომობილის სახელმწიფო ნომერი.
ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედებს საკარანტინო რეჟიმი, რაც იმას გულისხმობს, რომ დაწესებულებებში არ დაიშვებიან პაციენტების ოჯახის წევრები ან მნახველები.
კლინიკაში მყოფი პაციენტის ოჯახის წევრის მიერ საკვების, ან პირადი ნივთებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება გასცემს საკუთარ ბლანკზე, ბეჭდით და ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით დამოწმებულ ცნობას, სადაც მითითებულია გადაადგილების მიზნობრიობა (გადააქვს საკვები/პირადი ნივთები კონკრეტული პაციენტისთვის, გადაადგილების ტრაექტორია, საცხოვრებელი მისამართი და კლინიკის მისამართი, გადაადგილების დრო და საათი, გადასაადგილებელი ტრანსპორტის მარკა/მოდელი და სახ. ნომერი, ასევე საჭიროების შემთხვევაში მძღოლის პ/ნ სახელი გვარი). აღნიშნული ცნობა საკვების/ნივთების გადამტან პირს ეგზავნება ელექტრონული ფოსტით, ან აქვს მატერიალური სახით, ან პოლიციას წარუდგენს ტელეფონით (ფოტოს სახით).
ნივთების კლინიკაში მიტანის შემდეგ, კლინიკა წერილობით, ბეჭდით ადასტურებს, რომ მიიღო ნივთები/საკვები. თუ პირს არ აქვს ამობეჭდილი ცნობა, კლინიკა უბეჭდავს და უდასტურებს ცნობაზე მინაწერით და ბეჭდის დარტყმით, ან გასცემს ახალი ცნობას, რომ აღნიშნულმა პირმა ნამდვილად მიიტანა საკვები/პირადი ნივთები.
აუტიზმის სპექტრის მქონე პაციენტების ავტომობილით გადაადგილება, სპეციფიკის გათვალისწინებთ დასაშვებია. ამ შემთხვევაში ავტომობილის მძღოლმა/თანმხლებმა პირმა უნდა წარმოადგინოს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა/ჯანმრთელობის ცნობა, მათ შორის დასაშვებია ელექტრონულიც (მაგ.ტელეფონზე მიღებული ფოტოსურათი).
სპეციალური ნებართვა საჭირო არ არის დისტრიბუციის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისას. დისტრიბუციის განმახორციელებელი პირები უნდა გადაადგილდნენ M2/M3 ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.
რაც შეეხება საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის ე.წ. „დელივერი“ სერვისების მიწოდებას, დაშვებულია.
მთავრობის ინფორმაციით, პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გადაადგილება დაშვებულია ოჯახის წევრებისთვის. აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ მიზნობრივად (პირის დაკრძალვასთან დაკავშირებული საჭიროებები) გადაადგილდნენ, ამ შემთხვევაში მათ თან უნდა ჰქონდეთ გარდაცვალების ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ექიმის ცნობა გარდაცვალების შესახებ (შესაძლებელია ელექტრონული ფორმით).
27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით.
სოფლებში არსებული სასურსათო ობიექტების მეპატრონეებმა, მსუბუქი ავტომანქანით სურსათის მომარაგება/დისტრიბუციის განხორციელების ნებართვისთვის უნდა მიმართონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.
ვეტერინარული სერვისის მიმწოდებელი პირების და მცენარეთა დაცვის საშუალებების/რეალიზაციის ობიექტების თანამშრომელთა გადაადგილება დასაშვებია. გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე აღნიშნულმა პირებმა უნდა მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
სატრანზიტო ან სხვა ტიპის ტვირთის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების განსახორციელებლად, შესაბამის უფლებამოსილ პირს აქვს მიზნობრივი გადაადგილების უფლება, იმ შემთხვევაში თუ წარადგენს ტვირთთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციას. საკმარისია დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით (მაგ. ტელეფონზე მიღებული ფოტოსურათი) წარდგენა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.