ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 106 ფაქტი გამოვლინდა

469

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 54 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 50 პირი, ხოლო 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 2 მოქალაქე დააჯარიმეს.

„პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 22 აპრილის 21:00 საათიდან 23 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 54 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 2 მოქალაქე დააჯარიმეს. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 50 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.