ლენტეხის მუნიციპალიტეტში 41 პირი თვითიზოლაციიდან მოიხსნა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა. მისი განცხადებით, საკარანტინო ზონად გამოცხადებული ლენტეხის მუნიციპალიტეტი მალე გაიხსნება.
„თვითიზოლაციაში მყოფ 41-ვე პირს აღნიშნული შეზღუდვა მოეხსნა, ანუ ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში არცერთი ადამიანი არ გვყავს. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ვირუსის გადაცემის შესაძლო ჯაჭვი გაწყვეტილია, საკარანტინო ვადის ამოწურვის შემდეგ, მუნიციპალიტეტს გავხსნით. ინფიცირებული სულ 5 ადამიანი გვყავს, რომლებიც თბილისის კლინიკებში არიან მოთავსებული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ლენტეხში, სოფელ მელეში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ რეგიონში გამკაცრებულია ზომები, ცაგერი-ლენტეხის გზაზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები პუნქტი და მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია.
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში არ გამოვლენილა. თუ როდის გაიხსნება ლენტეხის მუნიციპალიტეტი, აღნიშნული უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 5.