იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე არ გამორიცხავს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს. ამის შესახებ ზვიად შალამბერიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
შალამბერიძის ინფორმაციით, ინფიცირების სამი ახალი შემთხვევის გამო თვითიზოლაციაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის მკვიდრი 50 მდე ოჯახი იმყოფება.
„თერჯოლაში სამი ახალი შემთხვევის გამო, ყველა, ვინც მოიაზრება კონტაქტებად, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სოფელში ეპიდაფეთქების რისკი არ არის, თუმცა სიტუაციას გადავხედავთ და დღის ბოლომდე გადაწყდება, როგორ ვიმოქმედებთ, გავამკაცრებთ თუ არა. სიტუაციის შესაბამისად ვმოქმედებთ და გამორიცხული არაფერია“, – განაცხადა შალამბერიძემ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის 6 შემთხვევაა დაფიქსირებული.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 5.