რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული: საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნილა

1249

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, მათთან საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვები არ მოხსნილა.

კითხვაზე, კახეთის მსგავსად, საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად მოსახლეობას მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება მიეცემა თუ არა, არჩილ ჯაფარიძე პასუხობს, რომ აღნიშნულის მსურველები მათ ინდივიდუალურად უკავშირდებიან.

„ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, შეზღუდვები არ მოხსნილა, საჭიროებისამებრ გვიკავშირდებიან მსხვილი ფერმერები და ინდივიდუალურად ეძლევათ გადაადგილების საშუალება. კახეთში სხვა მოცემულობაა, რაჭაში მაგალითად, აბსოლუტურად – სხვა. აქ შორ მანძილზე არ უწევთ გადაადგილება, აქ მოსახლეობას თავიანთი ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები ახლოს აქვთ. ჩვენთან საგაზაფხულო სამუშაოების დროულად ჩატარების პრობლემა არავის არ ექნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხით შეღავათები არ დაგვიწესებია, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 98 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 5.