სუბარი: ბოლნისი ერთ-ერთი ყველაზე დაინფიცირებული მუნიციპალიტეტია, ვიწყებთ ძალიან ფართო ტესტირებას

916

წინა სტატია

პრემიერმინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, ქალაქ ბოლნისისა და სოფელ რაჭისუბანის დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან გამოყოფის გადაწყვეტილება დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა. მისივე თქმით, იწყება ფართომასშტაბიანი ტესტირება.

“აქ დაინფიცირებულია არაერთი სამედიცინო პერსონალი და რადგან სამედიცინო პერსონალს უხდება ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, ბუნებრივია, გაჩნდა საფრთხე, ხომ არ არის ვირუსი მოსახლეობის ფართო ფენაზე გასული. ამიტომ ვიწყებთ ძალიან ფართო სკრინინგს, ტესიტრებას, რომ ბოლომდე აღმოვფხვრათ ყველა საეჭვო კერა და ყველა დაინფიცირებული გადავიყვანოთ შესაბამის კლინიკებში. რაჭისუბანსა და ქალაქ ბოლნისს შორისაც არის გაკეთებული საზღვარი, შლაგბაუმი და 5 საკონტროლო პუნქტია, მიმოსვლა მაქსიმალრუადაა შემცირებული ” , – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სუბარის თქმით, კიდევ ერთი საკარანტინო ზონა გამოიყო, რომელიც ქალაქ კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებს აერთიანებს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზი ვირუსის გავრცელება არ ყოფილა.

„კიდევ ერთი საკარანტინო ზონა გვაქვს გამოყოფილი, მაგრამ არა დაინფიცირების გამო, ეს არის კაზრეთი და ბალიჭები. ეს გამოვყავით მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მუშაობს RMG, ძალიან ბევრი ადამიანი ერთად არის და იმისთვის, რომ გამოირიცხოს იქ რაიმე ინფექციის გავრცელების საფრთხე, ქალაქი კაზრეთი და სოფელი ბალიჭები არის გამოყოფილი ცალკე ზონად,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთანავე, მისივე ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ზედმიწევნით იცავს საკარანტინო რეჟიმის პირობებს. სუბარის განმარტებით, ქვეყანაშის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული მუნიციპალიტეტი სწორედ ბოლნისია, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობამ 47-ს მიაღწია.

„მთლიანობაში მოსახლეობაც ძალიან ზუსტად იცავს კარანტინის პირობებს. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთებში ბოლნისში და რაჭისუბანში მოსახლეობა გარეთ არ დადის და ძალიან მალე ჩვენ გვეცოდინება ზუსტი სურათი. ბოლნისი არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტი იმიტომ, რომ 47 ადამიანს მიაღწია ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებული ადამიანების რიცხვმა,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.   ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 79 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.