ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
ბოლნისის მერიამ ქალაქისა და სოფლის ჩაკეტვის გადაწყეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო. მათივე ცნობით, ქალაქისა და სოფლის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს.
საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.
„შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად ქალაქ ბოლნისისა და სოფელი რაჭისუბნის გარდა ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთიც გამოცხადდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას!“ – განმარტავენ მერიაში.
მხარის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მოსახლეობას წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„მთლიანად, რეგიონში კორონავირუსის 70 ფაქტია, გამოჯანმრთელების 9 და სამწუხაროდ, გარდაცვალების 1 ფაქტი. გუშინ, ჩვენ კაზრეთის და სოფელ ბალიჭის მოსახლეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გავმიჯნეთ, ვინაიდან რისკებს ვხედავდით, იქ დიდი გამოწვევაა. ვიღებთ ზომებს და უკვე დაწყებულია პროცესი ჩაიკეტოს მუნიციპალიტეტის ცენტრი – ბოლნისი და რაჭისუბანი. ბუნებრივია, კონტაქტები დგინდება, ნაწილობრივ დადგენილია და ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ ეს ხალხი მკაცრ საკარანტინო პირობებში და თვითიზოლაციაში იყვნენ. თუმცა, როგორც ხედავთ, დაავადება ვრცელდება. თუ სახლში არ დავრჩებით, ამ პროცესებს ვერ გავუძლებთ, ეს შეზღუდვები უფრო გამკაცრდება და გაურკვეველი ვადით გაგრძელდება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 79 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.