ქვემო ქართლში რუსთავისა და ბოლნისის სასაფლაოები იხურება

674

სააღდგომოდ რუსთავში სასაფლაოები დაიკეტება. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

“ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტებში მიიღება შეზღუდვები, მეც ვადასტურებ რომ რუსთავის სასაფლაოსთან მისასვლელი იქნება შეზღუდული და ჩაიკეტება,”-  განაცხადა რეხვიაშვილმა.

სასაფლაოების დახურვაზე განცხადება გაავრცელა ბოლნისის მერიამაც.

“კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, აღდგომის დღესასწაულსა და მომდენო ერთი კვირის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული ყველა სასაფლაო დროებით დაიკეტოს.

მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სასაფლაო გაკონტროლდება სამართალდამცავების მიერ და მოქალაქეთა თვითნებური თავშეყრის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საკარანტინო წესების დარღვევისთვის, მოქალაქეები დაჯარიმდებიან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას!”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.