სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულში სასაფლაოების გადაკეტვა მერიაში არ განიხილება.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში სასაფლაოები არ გადაიკეტება, საკარანტინო წესების დარღვევისთვის მოსახლეობა მაინც დაჯარიმდება.
„იქ (სასაფლაოებზე) პროცესი გაკონტროლდება და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობასაც მოვითხოვთ,“ – განაცხადა ზაურ დარგალმა
მარნეულის მერი არ აკონკრეტებს, თუ რა შემთხვევაში გახდება საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობა. ამბობს, რომ სამართალდამცავები საკარანტინო წესების დარღვევის ყველა ფაქტზე მოახდენენ სათანადო რეაგირებას.
„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში. შეასრულონ ყველა ის რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამისი უწყებების მიერაა გაცემული და თავი აარიდონ ვირუსის გავრცელებას,“ – განაცხადა ზაურ დარგალმა.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.