ქობულეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგის არეალი გაიზარდა

799

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში მასობრივი სკრინინგის აუცილებლობის არეალი გაიზარდა.

​როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, იმ ოთხი სოფლის პარალელურად, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, გამოკვლევები დაიწყება სოფელ ოჩხამურსა და ქალაქ ქობულეთშიც.

ამ დროისთვის, კარანტინში მყოფ ოთხ სოფელში გამოკვლეულია 7 800-ზე მეტი პირი. საყურადღებოა 27 შემთხვევა, მათგან უკვე გამოკვლეულია 15 პირი, რომლებსაც ვირუსი არ დაუდასტურდათ. გაგრძელდება დანარჩენების კვლევაც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 12 აპრილს დაწესდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.