კასპის მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, სავარაუდოდ, საჭირო არ გახდება

857

კასპის მუნიციპალიტეტიდან გაგზავნილი 12-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია, შესაბამისად დამატებითი ღონისძიებების გატარება ადგილზე სავარაუდოდ საჭირო არ იქნება, – ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისვე თქმით, ადგილზე ვითარების შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს გადაეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილება ერთობლივად იქნება მიღებული. ეპიდდაკვირვება 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება მათზე, ვისაც თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია აქვს მიცემული. პრვენციის მიზნით მოსახლეობის თერმოსკრინინგი ყოველდღიურად ჩაუტარდება და ამ ეტაპზე გაგრძელდება სოფელში საპოლიციო კონტროლი.

შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სოფელ ხოვლეს გამგებელი თამაზ ხუციშვილი აცხადებს, მამაკაცი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს. ამასთან, ცნობილია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია და ის საპატრიარქოს დაცვაში მუშაობდაო. სამსახურში კი სოფლიდან დადიოდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ხაშურის სოფელ ხიდისყურზეც ისაუბრა, რომელიც 13 აპრილს ჩაიკეტა.

მისი თქმით, სოფელ ხიდისყურში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. მოსახლეობას დღეში ორჯერ უტარდება თერმოსკრინინგი და სოფელში შესვლა და გასვლა მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო აკრძალულია.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, გუშინ საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული რეჟიმის დარღვევის 7 ფაქტი დაფიქსირდა, ყველას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. გორის ხუთივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გუშინდელი დღის განმავლობაში 7 000-მდე მოქალაქე შემოწმდა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.