ბოლნისში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მუშაობა შეჩერებული აქვთ

491

ბოლნისში კორონავირუსის ინფექცია სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. შედეგად მეორე დღეა სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მუშობა შეჩერებული აქვთ.

ბოლნისში, კორონავირუსით ინფიცირების სულ 18 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთაგან 5 მედპერსონალია. დაავადებულია სასწრაფოს ორი მძღოლიც. ამ რაოდენობაში არ შედის ასევე ბოლნისის სასწრაფოს თანამშრომელი, რომელიც ფიზიკურად თბილისში იმყოფებოდა და ბოლნისში ინფიცირებულ შემთხვევებს არ ეთვლება.

ამასთან, დაავადებულთა შორისაა ერთ-ერთი მოლარე ბუღალტერი, რომელსაც სავარაუდოდ, ფულთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა. კვლევა უტარდება კიდევ 4 პაციენტს, რომელიც მედპერსონალის კონტაქს წარმოადგენენ.

ბოლნისის ცხელების ცენტსში 35 საწოლია მობილიზებული.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს  გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3