ბოლნისის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გადაყვანა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
ბოლნისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბოლნისის ტერიტორიიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი, მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების გადაყვანა მიმდინარეობს.
44 მოქალაქეს კარანტინის გამოცხადების დროს ბოლნისში მოუწია ყოფნა. მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება.
მოქალაქეები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვებენ სავალდებულო კარანტინს გაივლიან. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი 80 პირის გაყვანა უკვე განხორციელდა.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.