ქობულეთის დაკეტილ სოფლებში მოსახლეობას მობილური ბაზრები ემსახურება

360

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, გასული დღეების მსგავსად, ფუნქციონირებას განაგრძობს ე.წ. მობილური ბაზრები. მოძრავი ბაზრები ოთხივე ადმინისტრაციულ ერთეულში დილიდან მოძრაობენ. მოსახლეობას საშუალება აქვს შეიძინოს ბოსტნეული და ხილი.

ბაზრების ფუნქციონირებას მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დღის განმავლობაში მოხდება სოფლებში არსებული სასურსათო მაღაზიების შევსება პროდუქტებით. როგორც მაღაზიის მფლობელები აცხადებენ, მათ სასურსათო მარაგი აქვთ. გარკვეულ პროდუქტზე დეფიციტის შემთხვევაში, ისინი ქობულეთის მერიასთან არიან კომუნიკაციაში.

რამდენიმე დღეა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი კარანტინი მოქმედებს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეიდან 10 დღით იკრძალება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.