ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსი მუნიციპალიტეტეში საერთო ჯამში 18 პირს დაუდგინდა. აქედან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა ერთი კი გარდაიცვალა.
ბოლნისის მერიის ცნობით, ინფიცირებულთაგან ხუთი მედიკოსია.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკვე 23 დღეა საკარანტინო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს განმეორებითი თერმოსკრინინგი, ამ დროისათვის სამედიცინო შემოწმება 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე გაიარა. სამწუხაროდ კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 18 პირს დაუდგინდა, აქედან ახალი შემთხვევა არის 8, მათგან 5 მედიკოსია. ერთი პაციენტი გარდაიცვალა, ერთი კი საბედნიეროდ გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულ მოქალაქეებზე უკვე მიმდინარეობს სპეციალისტების დაკვირვება. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა კონტაქტების მოძიების სამუშაოები უკვე აწარმოეს. დღეს დადასტურებული შემთხვეევების 7 კონტაქტიდან ნიმუშები აღებულია და გადაგზავნია ლუგარის კვლევით ცენტრში“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
ამასთან, როგორც შერაზადიშვილი მუნიციპალიტეტში 23-დღიანი კარანტინის შეჯამებისას აღნიშნავს, მუნიციპალურ სამსახურებს სოფელში სურსათი და საჭირო მედიკამენტები სისტემატიურად შეაქვთ.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მედიკოსები თავდაუზოგავად მუშაობენ. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან ერთად ბოლნისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ვეწვიეთ და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადეთ. აღსანიშნავია, რომ ბოლნისში აქტიურად მუშაობს ცხელების ცენტრი, რომელშიც ერთი ბოქსირებული პალატა და 35 საწოლია განთავსებული. ცენტრში მედიკოსები პაციენტებს ყველა საჭირო გამოკვლევას ადგილზე უტარებენ.
მოგეხსენებათ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოფელი ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა და გამოცხადდა მკაცრ საკარანტინო ზონად. მუნიციპალურ სამსახურებს სოფელში სურსათი და საჭირო მედიკამენტები სისტემატიურად შეაქვთ. სოფლის მაცხოვრებლებს ასევე შესაძლებლობა აქვთ პენსიები ადგილზე აიღონ.
ჩვენი სამართადამცავები აქტიურად ახორციელებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული წესების აღსრულების კონტროლს, კომენდანტის საათის პერიოდში კი კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა. პოლიციელები ურჩ მოქალაქეებს, რომლებიც წესებს არღვევენ, 3000 ლარის ოდენობით აჯარიმებენ.
მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი სასურსათო პაკეტები და კერძო პირების მიერ შემოწირული სურსათი სულ 3000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, შშმ პირს, პენსიონერებსა და შეჭირვებულ მოქალაქეს დაურიგდა. აღნიშნული აქცია კვლავ გაგრძელდება და მუნიციპალიტეტი საჭიროებისამებრ ყველას დროულად დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ სურსათის მარაგის კონტროლს და რაიმე დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში ცენტრალურ მთავრობასთან კორდინაციული თანამშრომლობის შედეგად ამ პრობლემას ვაგვარებთ“, – აცხადებს შერაზადიშვილი.
მისივე თქმით, ბოლნისის მერიის გადაწყვეტილებით საბავშვო ბაღის 1300 აღსაზრდელს ერთი თვის საკვები-პროდუქტი დაურიგდა.
„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებეში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღის 1300 აღსაზრდელს ერთი თვის საკვები პროდუქტები დავურიგეთ. აქვე აღვნიშნავ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქართული წარმოების პირბადეები აფთიაქებში ხელმისაწვდომია, გარდა ამისა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა პიბადეები სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს უკვე დაურიგდა.
აქტიურად მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან იმ მოქალაქეების გაყვანა, რომლებიც მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებულები არიან და კარანტინის გამოცხადებისას აქ მოუწიათ ყოფნა. მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება. პირები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვენებ სავალდებულო კარანტინს გაივლიან“, -აღნიშნა ბოლნისის მერმა.
ბოლნისის მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტში 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შესაბამის ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევენ.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოქალაქეებს შესაბამის ინფორმაციას ვაწვდით და მათ ნებისმიერ პრობლემაზე სხვადასხვა სამსახური დროულად რეაგირებს.
მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე დაიწყო იმ პირების ბაზის შექმნა, ვისი სოციალური მდგომარეობაც საგანგებო მდგომარეობის გამო გაუარსედა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას კორონავირსუსის სიმპტომების, მისგან თავის დაცვისა და საკარანტინე წესების შესახებ. ინფორმაციის მიწოდება ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში ორ ენაზე აზერბაიჯანულად და სომხურად ხდება.
ცენტრალური მთავრობა, საკანონმდებლო ორგანო და ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რათა კორონავირუსს ეფექტურად გავუმკლავდეთ “, -აცხადებს დავით შერაზადიშვილი.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.