ზაურ დარგალი: ბოლო 24 საათში მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა

698

ბოლო 24 საათის განმავლლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა განუცხადა. როგორც დარგალი აცხადებს, საგანგებო რეჟიმი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა სოფელ მარადისში დაფიქსირდა.

„დაახლოებით, 3 დღის წინ, სოფელ მარადისში კორონავირუსის 6 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. სხვა სოფელსა და ქალაქში გავრცელება არ მომხდარა. ყველა კონტაქტი მყისიერად გამოვავლინეთ და ყველა თვითიზოლაციაში იმყოფება. გუშინ კიდევ აიღეს ანალიზები და ბოლო 24 საათის განმავლობაში არცერთ მარნეულელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რაც შეეხება სოფელ მარადისს, იქ მოსახლეობის თერმოსკრინინგი ყოველდღიურად გრძელდება. მარადისამდე ბოლო შემთხვევა სოფელ კირაჩმუღანლოში იყო, სადაც იზოლაციის ორკვირიანი ვადა მალე გავა. არცერთ კონტაქტს კორონავირუსის სიმპტომები არ გამოუვლინდა. საგანგებო რეჟიმი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მარაგი სტაბილურად შემოდის, ამ მიმართულებით, არანაირი შეფერხება არ არის“, – განაცხადა დარგალმა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს  გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო. გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.