სოფელ ლეღვაში, სადაც გუშინ კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.
ინფიცირებული ოჯახების მეზობლები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ქობულეთის მერიის წარმომადგენლის, ჯაბა სტამბოლიშვილის ინფორმაციით, სოფელში უკვე შემოწმდა 306 ადამიანი, მათგან შვიდს სიცხე დაუფიქსირდა და მათზე ექიმები დაკვირვებას აწარმოებენ. მისივე თქმით, სოფელში ჯამში 5000 ადამიანამდე ცხოვრობს.
„რაც შეეხება ინფიცირებულებს, ხუთი ინფიცირებული ფიქსირდება სოფელ ლეღვაში ორ ოჯახში, მათი მეზობლები საუბარია სამ ოჯახზე, იმყოფებიან თვითიზოლაციაში. მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენ და პროდუქტებით ვამარაგებთ, მათ აკრძალული აქვთ გამოსვლა და კონტაქტი, ამიტომ ვაკონტროლებთ მათ“, – განაცხადა ქობულეთის მერის წარმომადგენელმა სოფელ ლეღვაში.
რამდენიმე დღეა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი კარანტინი მოქმედებს.
ადამინისტრაციული ერთეულების შესასვლელებთან ბლოკპოსტები მოწყობილი, რომელსაც ძალოვანი უწყებები აკონტროლობენ. მოსახლეობას სახლიდან გარეთ გამოსვლა მხოლოდ პროდუქტის და მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო დაწესებულებაში წასასვლელად შეუძლია. შემოვლითი გზების ბლოკირებისთვის სამხედროები გადაადგილების შეზღუდვის მცირე ზომის 7 პუნქტზე არიან მობილიზებული.
”COVID 19”-ით მხოლოდ ქობულეთის კლასტერიდან 20 პირია ინფიცირებული. მათ შორის არის სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელიც.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.