ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში „ავტო-მაღაზიები“ იმოძრავებენ

686

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ლენტეხში სამუშაო შეხვედრა გამართა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფები შედგა, რომლებიც მუნიციპალიტეტში სურსათისა და მედიკამენტების მარაგს პერიოდულად გააკონტროლებენ.

„შედგა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, სადისტრიბუციო კომპანიები მაღაზიებს მოამარაგებენ, სოფლებში კი ე.წ „ავტო-მაღაზიები”იმოძრავებენ. როგორც ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ქართული წარმოების პირბადეები 50 თეთრად გაიყიდება. პირბადეებით მომარაგდა ლენტეხში სააფთიაქო ქსელიც, რათა დაცული იყოს იქ მცხოვრები მოსახლეობა. რწმუნებულის მითითებით, სამუშაო ჯგუფი გააკონტროლებს საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობასაც, ამ მხრივ მოსახლეობას შეზღუდვა არ ექნება, თუმცა აუცილებელია სამუშაოები შესრულდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით. ამ დრომდე, მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი პარასკევს, 10 აპრილს ჩაიკეტა. გამშვები პუნქტი მურის ხიდთან, მოეწყო. გზა გადაკეტილია, პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ და არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.