კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
დუშეთის მერიის ინფორმაციით, ამჯერად სპეციალური ხსნარებით ქალაქ დუშეთისა და დაბა ჟინვალის ქუჩები დამუშავდა. სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ადგილზე გაეცნენ.
„დუშეთის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებსაც. რეგულარულად მიმდინარეობს ქუჩების, სადარბაზოებისა და საზოგადოებრივი დაწესებულებების დეზინფექცია რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში,” – ნათქვამია ინფორმაციაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.