რა ქონებას ფლობს დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე – დეკლარაციების ანალიზი

665

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

გიორგი ინაშვილი “ქართული ოცნებიდან” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მეორე ვადით აირჩიეს. დეკლარაცია 2014 წლიდან ყოველ წელს, ჯამში 8-ჯერ აქვს შევსებული, ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია კი – 2021 წლის სექტემბერში.

ოჯახის წევრად მითითებული ჰყავს მეუღლე. საკრებულოს თავმჯდომარე დუშეთის მუნიციპალიტეტში 5 უძრავ ქონებას ფლობს და ყველა მათგანი მემკვიდრეობით აქვს მიღებული: 2016 წელს მემკვიდრეობით მიუღია 420 კვ.მ საცხოვრებელი სახლი ქალაქ დუშეთში, კონსტიტუციის ქუჩაზე. აღნიშნულია, რომ ამ მიწის ნაკვეთზე 3 შენობა-ნაგებობა დგას. შენობების ფართობი მითითებული არ არის. დანარჩენი 4 უძრავი ქონება მემკვიდრეობით 2020 წელს მიუღია: 2430 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ ბაზალეთში; 590 კვ.მ მიწის ნაკვეთი დუშეთში, შალიკიანთ დასახლებაში; 2575 კვ.მ და 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთები სოფელ ქაისხევში. ამ მეორე ნაკვეთზე ერთი შენობა-ნაგებობაც დგას, რომლის ფართობი აღნიშნული არ არის. დუშეთის მერი ამ ქონებას ფლობს პირველი დეკლარაციიდან, მხოლოდ სოფელ ქაისხევში არსებული 2 მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ ინფორმაციაა განსხვავებულად ჩაწერილი. მაგალითად, წინა 7 დეკლარაციაში წერია, რომ ქაისხევში 50 კვ.მ და 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს, ბოლო დეკლარაციით კი ფართობების მონაცემები ასეთია: 2575 კვ.მ და 4500 კვ.მ.

ინაშვილი და მისი მეუღლე ფლობენ მოძრავ ქონებასაც. გიორგი ინაშვილს ჰყავს 2016 წელს 2500 აშშ დოლარად ნაყიდი მერსედერსი E280 2016, ხოლო მეუღლეს, ნინო ერაძეს, 2019 წელს 2250 აშშ დოლარად უყიდია ტოიოტა პასო.

მეუღლე 2021 წლიდან ინდმეწარმედ არის რეგისტრირებული, თუმცა, მითითებულია, რომ ინდმეწარმედ აღარ საქმიანობს, მაგრამ ლიკვიდაცია გაკეთებული არ არის.

გიორგი ინაშვილს “ლიბერთი ბანკიდან” 2018 წელს 10500 ლარის სამომხმარებლო სესხი აუღია, რომელიც 2022 წლის დეკემბერში უნდა დაფაროს. 2020 წელს კი ამ სესხში 2413,35 ლარი აქვს გადახდილი.

დეკლარაციის შევსების დღეს გიორგი ინაშვილს “ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე  995 ლარი ედო. მეუღლის საბანკო ანგარიშზე არაფერია ნათქვამი.

გიორგი ინაშვილს დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2020 წელს 25 567,2 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარეს პირველი დეკლარაცია 2014 წელს აქვს შევსებული, როცა ის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნამდე ინაშვილი სამეწარმეო საქმიანობაში იყო ჩართული, როგორც ბიოგრაფიაში უწერია, მცირე ბიზნესის სტატუსით.

ჯამში, მას საჯარო სამსახურის ბიუროსთვის 8 დეკლარაცია აქვს გაგზავნილი, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ინაშვილს არცერთი მათგანის შევსებით თავი დიდად არ შეუწუხებია. დეკლარაციებში მხოლოდ უძრავი და მოძრავი ქონებების შესახებ ინფორმაციია აღნიშნული.  დეკლარაციების სხვა გვერდები თითქმის სრულად ცარიელია.

გიორგი ინაშვილს 2014-2018 წლების დეკლარაციებში რატომღაც ისიც არ ჩაუთვლია საჭიროდ, რომ აღენიშნა საკრებულოში კომისიის თავმჯდომარეობიდან რა რაოდენობის ხელფასი მიიღო. ხელფასზე ჩანაწერი ჩნდება მხოლოდ მეექვსედ შევსებულ დეკლარაციაში, 2019 წელს. დეკლარაციაში წერია, რომ ინაშვილმა 2018 წელს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 25 440 ლარის შემოსავალი მიიღო. უკვე მომდევნო წლის დეკლარაციაშიც იგივე მონაცემებია გადმოკოპირებული, თან ისე, რომ ინაშვილს წლების შეცვლაზეც არ შეუწუხებია თავი და 2020 წლის დეკლარაციაშიც ვკითხულობთ, რომ ინაშვილმა 2018 წელს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 25 440 ლარის შემოსავალი მიიღო. ბოლო დეკლარაციაში უკვე მონაცემები სწორად ჩაუწერია და ვიგებთ, რომ 2020 წელს 25 567,2 ლარის შემოსავალი მიუღია.

საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი ფასიან ქაღალდებს არ ფლობს. არც მას და არც მეუღლეს არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.