საარქივო ცნობებითა და აღიარების კომისიით მიღებული 7 მიწის ნაკვეთი – რა ქონებას ფლობს დუშეთის მერი

540

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

მანანა ნარიმანიძე “ქართული ოცნებიდან” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მას ქონებრივი დეკლარაცია 7-ჯერ აქვს შევსებული: პირველი შევსებული აქვს 2010 წელს, დუშეთის გამგებლის მოადგილედ დანიშვნის დროს, შემდეგი დეკლარაციები – 2017-2021 წლებში, როცა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის და ცოტა ხნით რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა. ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია კი 2022 წლის 31 მაისს, დუშეთის მერად არჩევის შემდეგ შეუვსია.

მანანა ნარიმანიძე დაბადებულია დუშეთში, დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მეუღლე და ორი შვილი ჰყავს მითითებული. თავად დუშეთის მერის სახელზე გაფორმებული არ არის, თუმცა, ოჯახს აქვს 10 უძრავი ქონება, მეუღლის სახელზეა 9 ქონება, ხოლო სრულწლოვანი შვილის სახელზე – ერთი მიწის ნაკვეთი. მოძრავი ქონება ოჯახში არავის აქვს.

საინტერესოა, რომ ამ ქონების დიდი ნაწილი ნარიმანიძის ოჯახმა 2018 წლის შემდეგ დააგროვა, იმ პერიოდში, როცა ამჟამინდელი მერი ამავე რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტს იკავებდა. თუ 2018 წლამდე ნარიმანიძის მეუღლე, დავით დუდაური დუშეთში, ბაჩანას ქუჩაზე მდებარე, 7 000 დოლარად ნაყიდ მხოლოდ ერთ, 400 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ სახლსა და ამავე ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთს ფაქტიურ მფლობელობაში ფლობდა, 2019 წელს შევსებული დეკლარაციით, ოჯახის ქონება ასე გამოიყურება: ბაჩანას ქუჩაზე 400 კვ.მ. საცხოვრებელ ფართთან ერთად, უკვე ფლობენ ჯამურად 784 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს, რომლებიც აღიარების კომისიით აქვთ დამტკიცებული. გარდა ამისა, ოჯახის საკუთრებაში ჩნდება სოფელ დუდაურებში მდებარე 2 000 და 5 140 კვ.მ. მიწის ნაკვეთები, რომლებიც საარქივო ცნობისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიუღიათ. ჯამში, 2018 წელს ნარიმანიძის ოჯახს 8 უძრავი ქონება უფიქსირდებათ.

უკვე 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში ამ ქონებას სოფელ დუდაურებში კიდევ ემატება 2, ფაქტობრივად, იდენტური – 5 000 კვ.მ. და 2 000 კვ.მ. ფართობის უძრავი ქონება და ჯამში 10 ხდება. ორივე მათგანზე ფაქტობრივი მფლობელობაა მითითებული.

2021 წელს შევსებული დეკლარაციაც 2020 წლის იდენტურია, 2022 წელს უკვე მერის რანგში შევსებულ დეკლარაციაში კი ნარიმანიძის ოჯახის ქონება, მართალია, რაოდენობრივად იგივე დარჩა, მაგრამ ფართობი კიდევ უფრო გაზრდილია: ბაჩანას ქუჩაზე 2008 წელს ნაყიდი 400 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ისევ ფიქსირდება, თუმცა, დაზუსტებულია, რომ ამ ნაკვეთზე მდგარი საცხოვრებელი სახლი 331,19 კვ.მ.-ია; ამავე ქუჩაზე მდებარე 309 კვ.მ. მიწის ნაკვეთიც, 2 პატარა შენობა-ნაგებობით (14 კვ.მ.), ისევ ოჯახის საკუთრებაშია. ამ ქონებაზე ნარიმანიძეს უწერია, რომ ის 2018 წელს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღო; დეკლარაციაში აღარ ჩანს ამავე ქუჩაზე მდებარე ჯამში 191 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთები, თუმცა, არ არის მითითებული, ეს მიწის ნაკვეთები გაყიდა, გააჩუქა, თუ რომელიმე ქონების საკადასტრო კოდში გააერთიანა. წინა წლების ქონებებიდან ერთ-ერთი – 284 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კი ამჯერად უკვე ერისთავის ქუჩაზეა მითითებული (ერისთავის სახელი ერთ-ერთ უსახელო ქუჩას საკრებულომ 2020 წელს მიანიჭა, თუმცა, ნარიმანიძეს მითითებული არ აქვს,  ამის გამო შეეცვალა მიწის ნაკვეთს მისამართი თუ არა). აქვე, წერია, რომ ეს მიწის ნაკვეთიც, რომელზეც ასევე დგას შენობა-ნაგებობა, 2018 წელს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დასკვნის საფუძველზეა მიღებული. ერისთავის ქუჩაზევეა 400 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთიც, რომელიც ნარიმანიძის მეუღლეს შარშან, 2021 წელს, 10 000 ლარად უყიდია.

სოფელ დუდაურებში ნარიმანიძის ოჯახი ერთით მეტ მიწის ნაკვეთს ფლობს. ამასთან, თუ ბოლო დეკლარაციამდე ამ ნაკვეთების ჯამური ფართობი 14 140 კვ.მ. იყო, 2022 წლის დეკლარაციით, ფართობი 33 288 კვ.მ.-მდეა გაზრდილი. წინა წლების დეკლარაციებიდან განსხვავებით, ბოლო დეკლარაციაში აღარ ჩანს ამავე სოფელში მდებარე 5000 და 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთები, რომლებიც ოჯახს 2019 წლიდან ფაქტობრივ მფლობელობაში ჰქონდა, თუმცა, მითითებული არ არის, სად წავიდა ეს მიწის ნაკვეთები, რაც კანონდარღვევაა; ასევე, ერთ-ერთ ქონებაზე, რომლის ფართობიც 5140 კვ.მ.-ია, ამჯერად წერია, რომ მას არა 2018 წლიდან, არამედ 2001 წლიდან მიღება-ჩაბარების აქტისა და საარქივო ცნობის საფუძველზე ფლობენ. ისევ ოჯახის საკუთრებაშია წინა წლების დეკლარაციებში დაფიქსირებული 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიც, რომელიც დავით დუდაურს 2018 წლიდან საარქივო ცნობის საფუძველზე გადაეცა; გარდა ამისა, სოფელ დუდაურებში ნარიმანიძის მეუღლის საკუთრებაშია ახალი, 18 718 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთიც, რომელიც მას ასევე საარქივო ცნობის საფუძველზე, საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად 2021 წელს მიუღია და 6 500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც 2020 წელს ისევ საარქივო ცნობის საფუძველზე აქვს დარეგისტრირებული. ამავე სოფელში ჩნდება კიდევ ერთი ახალი ქონებაც – 930 კვ.მ. მიწის ფართობი, რომელზეც 60 კვ.მ. საცხოვრებელი სახლიც დგას. ალბათ, უკვე აღარ გაგიკვირდებათ, რომ ეს მიწის ნაკვეთიც ნარიმანიძის მეუღლეს საარქივო ცნობის საფუძველზე მიუღია.

კიდევ ერთი ქონება დუშეთის მერის ოჯახს კიდევ ერთ სოფელში – თანიანთკარში უჩნდება – 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ნარიმანიძის შვილს, ცოტნე დუდაურს, 2021 წელს 5 000 აშშ დოლარად შეუძენია.

ჯამში, მანანა ნარიმანიძის ოჯახის საკუთრებაში არსებული 10 უძრავი ქონებიდან, შეძენილი მხოლოდ სამია და მათში მთლიანობაში 13 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი აქვთ გადახდილი. დანარჩენი 7 ქონება კი ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების
კომისიის მიერ აქვთ აღიარებული, ან საარქივო ცნობის საფუძველზე აქვთ გადაცემული.

დეკლარაციის შევსების დღეს მანანა ნარიმანიძეს “ბაზის ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 89,71 ლარი ედო; ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 492,75 ლარი; “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშებზე – 284,56 ლარი და 0,11 ევრო.

მანანა ნარიმანიძეს “ვი-თი-ბი ბანკში” 2018 წელს აღებულ აქვს 17 617 ლარის სამომხმარებლო სესხი 2022 წლამდე, თუმცა, იქვე მითითებულია, რომ “ვი-თი-ბი ბანკი” დაიხურა და ანგარიშები ავტომატურად გადავიდა “ბაზის ბანკში”.

დუშეთის მერის ოჯახიდან სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულები არიან მეუღლე და ერთი შვილი. ორივე მათგანი ინდმეწარმეა. მეუღლე, დავით დუდაური, ინდმეწარმე 2015 წლიდანაა და 2021 წელს 15 245 ლარის შემოსავალი მიუღია; ხოლო შვილი, ცოტნე დუდაური, ინდმეწარმეა 2020 წლიდან და მას ამავე წელს 480 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

ინდმეწარმეობიდან მიღებული შემოსავლის გარდა, სხვა შემოსავალი მეუღლისა და შვილის სახელეზე აღნიშნული არ არის. დეკლარაციის თანახმად, ოჯახში მხოლოდ მანანა ნარმანიძეს აქვს ხელფასიდან მიღებული შემოსავალი. მას დუშეთის მერის თანამდებობიდან 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში 4 580,79 ლარის შემოსავალი მიუღია. მერად არჩევამდე კი, როცა ის საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 18 620,9 ლარის შემოსავალი მიუღია.

2022 წლის დეკლარაციის თანახმად, დუშეთის მერი და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს და არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.

პირველ, 2010 წლის დეკლარაციაში მანანა ნარიმანიძეს რატომღაც არ დავიწყებია ჩაეწერა მეუღლისა და შვილის მიერ ნაყიდი ცეპისა და ჯვრის ყიდვაც. მეუღლეს ცეპში 1500 ლარი გადაუხდია, შვილს – ცეპსა და ჯვარში 2000 ლარი. ასევე ოჯახს გაუკეთებია რემონტი და ამისთვის 30000 ლარი დაუხარჯავს. მომდევნო რამდენიმე დეკლარაციაში აღნიშნულია რემონტსა და ეზოს კეთილმოწყობაში დახარჯული თანხებიც. ბოლო სამ დეკლარაციაში ოჯახის ხარჯებზე უკვე არაფერი წერია.

მეორე დეკლარაცია 2017 წელსაა შევსებული, მას შემდეგ, რაც მანანა ნარიმანიძე საქართველოს ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დანიშვნამდე მანანა ნარიმანიძე რწმუნებული ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსია და მას 2016 წლის განმავლობაში 21924,93 ლარის შემოსავალი მიუღია. 2017 წლის იანვარ-მარტში  კი – 3616,67 ლარი.

უკვე 2017 წლის მარტიდან ის მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეა და 2017 წლის მარტ-დეკემბერში 22040,12 ლარის შემოსავალი მიუღია. 2018 წელს – 26912,46 ლარი; ხოლო 2019 წლის იანვარ-აპრილში 14283,99 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული;

ნარიმანიძე 2019 წლის მაისში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ ინიშნება და 2019 წლის მაის-დეკემბერში 9686,97 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში – 13524,77 ლარის შემოსავალი.

ის 2020 წლის აგვისტოში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება და 2020 წლის აგვისტო-დეკემბერში ამ თანამდებობიდან 21001 ლარის შემოსავალი მიუღია. უკვე 2021 წელს, მერის კანდიდატად დასახელებამდე, ისევ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილეა და ამ პოსტიდან 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 18620,9 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.