ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია იმედი ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტი დღეს მოეწყო, გზა გადაკეტილია, პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ და არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ წუთებში ცაგერში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა.
ჯამში, საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 3 ადამიანი.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.