აზერბაიჯანმა ქართულ მხარეს მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები ოჯახებისთვის სურსათი გადასცა

739

აზერბაიჯანულმა მხარემ ქვემო ქართლის რეგიონს მოწყვლადი კატეგორიის 600 ოჯახისთვის სასურსათო პაკეტი გადასცა. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს. 

პირველადი მოხმარებისა და გადაუდებელი აუცილებლობის ნივთებისა და პროდუქტების გადაცემა დღეს მარნეულის მთავარ ბლოკპოსტთან მოხდა, სადაც აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ გასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მხარეებმა რეგიონის წითელ ზონებად გამოცხადებულ მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე, გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებსა და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

“მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანელ ხალხს, ხელისუფლებას და ბიზნეს ასოციაციას, რომელთა ორგანიზებითაც დღეს, საკარანტინე სივრცეში, ორ მუნიციპალიტეტში გასანაწილებლად გადმოგვეცა 600 სასურსათო პაკეტი გაჭირვებული ოჯახებისთვის. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, ჩვენ საუკუნეების მანძილზე მოვდივართ მეგობრობით, ერთმანეთის მხარდაჭერით და ეს არის კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. თუმცა, ამ მეგობრობას უნდა ყოველდღიური გაფრთხილება, განვითარება და გაძლიერება,“- განაცხადა ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

აზერბაიჯანული მხარე მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სასურსათო პაკეტებს რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებსაც გადასცემს.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს  გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო. გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.