საფრთხე იმისა, რომ საკონსტიტუციო ინიციატივა არ დამტკიცდეს, არ არსებობს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„ვიდრე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა ჩვენ, ოპოზიციასთან ერთად შევიკრიბეთ და განვიხილეთ თუ რომელი სცენარის პირობებში როგორ გაგრძელდებოდა საკონსტიტუციო განხილვა. ეს სცენარები ჩვენ წინასწარ გვაქვს მომზადებული. ყველაზე მჭიდრო ვადები დავთვალეთ, რა ვადებშიც არის შესაძლებელი საკონსტიტუციო პროექტის მიღება, ეს ყველაფერი გავლილ გვაქვს. შესაბამისად არანაირი პრობლემა და საფრთხე არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო ინიციატივა დამტკიცებული არ იქნას“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისვე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით დაიდო და შესაბამისად ეს შეთანხმება აუცილებლად შესრულდება.
საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერსა და ე.წ. ჩამკეტზე – უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან ბარიერზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.