მარნეულის მერი ადგილობრივებს სთხოვს, ინფორმაცია მხოლოდ სანდო წყაროებიდან მიიღონ

459

23 მარტიდან, მას შემდეგ რაც მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადავიდა და დაიხურა, კორონავირუსის შესახებ მარნეულში არა ერთი დეზინფორმაცია ვრცელდება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

ერთ-ერთი პირველი დეზინფორმაცია, რაც მოსახლეობაშსი გავრცელდა ქალაქის თვითმფრინავების მეშვეობით დეზინფექცია იყო.

შემდეგ, გავრცელდა ამბავი, რომ თითქოსდა პრემირმინისტრმა განაცხადა, რომ მარნეულში კარანტინი 1-ლი აპრილიდან უქმდებოდა და მოსახლეობას შეეძლებოდა ჩვეულებისამებრ გადაადგილებულიყო.

მარნეულის მერს თავად უწევდა ამ ყალბი ინფორმაციის გაქარწყლება.

„მარნეულის მოსახლებას ძალიან ვთხოვ, გადაუმოწმებელ ინფრომაციას არ ენდოს. მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობილ ინფორმაციას გაეცნოს,“ – ამბობს მარნეულის მერი ზაურ დარგალი.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს  გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო. გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.