ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სავანეთში, სადაც ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, მედიკოსები განმეორებით თერმოსკრინინგს ატარებენ.
ექიმები ადგილობრივებს უზომავენ ტემპერატურას, ეკითხებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და იკვლევენ, ხომ არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი. მოქალაქეებს ასევე ურიგებენ საინფორმაციო ბარათებს, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს შეიცავს.
„ახლა გასული არის ექვსი ბრიგადა და დღეს სწრაფ რეჟიმში გაკეთდება მოსახლეობის თერმოსრკინინგი. თუ იქნება ასეთი შემთხვევები, რომ იქნება მარტო ტემპერატურა ან რომელიმე რესპირატორული სიმპტომი, მოხდება ნიმუშების აღება. თუ მარტო რესპირატორული სიმპტომი იქნება, ამ შემთხვევაში მოხდება მხოლოდ მეთვალყურეობის დაწესება და იმის მიხედვით, როგორ მოითხოვს საჭიროება, მოხდება ლაბორატორიული კვლევა“, – განაცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა.
დასახლებაში უკვე მეორე დღეა, მუშაობენ ეპიდემიოლოგებიც, რომლებიც ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ. ამ დროისთვის მოძიებულია 27 კონტაქტი და ეპიდემიოლოგების ცნობით, ამ კონტაქტების სია არ არის მრავალრიცხოვანი.
„რაც შეეხება კონტაქტებს, საკმაოდ მრავალრიცხოვანი კონტაქტები არ არის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გვაინტერესებს, პირველ რიგში, პირველადი წყარო და თან თვითიზოლაციის რეჟიმს ვერ დაიცავენ გარკვეული პირები, ამიტომ გადაწყდა, რომ მჭიდრო კონტაქტები, 14 პირი გადაყვანილი იქნას საკარანტინო სივრცეში. ყველანაირი პირობების დაცვით მოხდება მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეში და მათზე მეთვალყურეობის დაწესება“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პირს, ის მკურნალობას გადის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.
ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო. გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.